ჩვენს შესახებ

კავკასიური დიალოგი

”კავკასიური დიალოგი” შეიქმნა როგორც ქსელური ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებდა 2000 წლისათვის ქართულ-აფხაზურ დიალოგში ჩართული რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერებს. 2000–2007 წლებში კავკასიური დიალოგი წარმოადგენდა ქართულ მხარეს პროექტში ”ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს შორის ნდობის შენება კავკასიური ფორუმის მონაწილეობით” (“Confidence Building between the Georgian and Abkhazian Societies with the Participation of Caucasus Forum”). პროექტი ხორციელდებოდა ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაციის ”საერთაშორისო განგაშის” (International Alert) მხარდაჭერითა და მედიაციით და ვითარდებოდა სამ ფორმატში: კავკასიური, ქართულ-აფხაზური და შიდა საზოგადოებრი. ამ ფორმატების ურთიერთქმედება აადვილებდა როგორც კონფლიქტების, ასევე რეგიონალური კონტექსტის უკეთ გაგებას, და ხელს უწყობდა საერთო ინტერესთა სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას ცალკეულ სოციალურ და პროფესიონალურ ჯგუფებს – ქალებს („კავკასიის ქალთა ლიგა“), ახალგაზრდა ჟურნალისტებს, ექს-კომბატანტებს, მწერლებს, ისტორიკოსებს – შორის. ჩატარდა ერთობლივი კვლევები (კავკასიაში ქალთა მდგომარეობის, ადამიანური უსაფრთხოების საკითხებზე და სხვ.).

ბოლო ხანებში „კავკასიური დიალოგის“ მერ განხორციელებული იქნა ე.წ. საარქივო პროექტები, რომლებიც მიმართულია კონფლიქტების დროს განადგურებული და დაზარალებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არქივების შეძლებისდაგვარად შესავსებად. ეს პროექტები მხარდაჭერილი იყო პროგრამა კობერმის (ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივა) და საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ.

ორგანიზაციის ინტერესთა სფეროში შედის, აგრეთვე, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობა. კერძოდ, მათი ინტეგრაციისა და ინფორმირების საკითხები. ამ თემებს მიეძღვნა კვლევები და პუბლიკაციები. კავკასიური დიალოგის საბჭოს წევრებს – გიორგი ანჩაბაძეს (საბჭოს თავმჯდომარე), ვახტანგ ყოლბაიას, მარინა ფაღავას, ნოდარ სარჯველაძეს, ნუგზარ დუდუჩავას – სამოქალაქო და სამშვიდობო აქტივობის დიდი გამოცდილება აქვთ.